"შენს რჩევას მიყევი და სამუშაო რვეულს ჩავხედე, ვინ ვიყავი პროგრამის წინ. იქედან დაღვრემილმა, ფაზლებად დამტვრეულმა ჩემმა თავმა ამომხედა, პრინციპში, ისეთმა, როგორსაც ვხედავდი ხოლმე სარკეში ყურების დროს ყოველთვის, ნაწილ - ნაწილ, ნატეხ-ნატეხ ადამიანმა. გოგომ, რომელსაც ყოველთვის რაღაც აკლდა, ყოველთვის არ იყო საკმარისი, რომელიც, ხანდახან, სულაც არ მინდოდა, რომ ჩემი ისტორია ყოფილიყო, რომელიც მინდოდა, რომ თავიდან დაწერილიყო.
იცი რა, შენამდე, მეგონა რომ ვერაფერი ვერ გავაკეთე და ტყუილად ვიცხოვრე, დანაშაულის ტვირთი, რომელიც ბავშვობიდან მომყვება, უკვე იმდენად იყო დამძიმებული ახალი „შეიმინგებით“ რომელიც ჩემს თავს გამოვუწერე სხვების წარმატების თუ ნებისმიერი რამის შემყურემ, რაც მე ოდესმე მდომებია - ყველაფერი, რაც გამაჩნდა არ მეგონა, რომ მე გამომივიდა და მე გავაკეთე.
არა, ვაჭარბებ, კი მეგონა, მაგრამ ხანდახან, ნათელი გონების დღეებში, რომელსაც ძალიან ვცდილობდი, დამემახსოვრებინა, მაგრამ სულ მავიწყდებოდა ჩვეულებრივი მელანქოლიის კვირების და თვეების კოლონაში. ფიზიკურად არ მამახსოვრდებოდა, როგორი იყო.
ახლა იმ მდგომარეობაში ვეღარ წარმომიდგენია, როგორ ვიარსებე, როგორ ვიყავი, როგორ გადავრჩი, როგორ ვიცხოვრე ამდენი წელი.
არ ვიცი, ამ გადმოსახედიდან, ვერ ვხვდები, როგორ შეუძლია ადამიანს საკუთარ თავზე ასე იძალადოს.
სულ უკან ვაყენებდი თავს, არავისი სიყვარულის არ მჯეროდა, ლოგიკურად მეჩვენებოდა, თუ ვინმე გულსატკენს მეტყოდა ან გულს გამიტეხდა, ეს იყო ნორმა, რომელიც სულ მიმართლდებოდა და აქედან მივდიოდი საკთარი თავისთვის ახალი დანაშაულის გამოწერისკენ, რომ მიამიტი ვიყავი და ასე იმიტომ დამემართა.
მიკვირდა, ადამიანები რომ მოდიოდნენ და რჩებოდნენ, რომ არ მტოვებდნენ, რომ არ მღალატობდნენ და სულ ველოდებოდი, შიშით ველოდებოდი, რომ ეს მოჩვენებითი ბედნიერება დამთავრდებოდა ერთ დღეს.
მთელი ჩემი ფსიქიკა მიმართული იყო იქეთკენ, რომ მობილიზებული ვყოფილიყავი, იმ დღისთვის, როცა რამე ცუდი მოხდებოდა. თუ არ ხდებოდა, ეს იყო კალენდარში კიდევ ერთი დღე უსიამოვნების გარეშე - პწიჩკით.
ყოველთვის ფენიქსის სიმბოლოს ვადარებდი ჩემს თავს, ბევრი ბრძოლით და ბევრი კვლევა-ძიებით რომ ვძლევდი მტკივნეულ მოვლენებს, მაგრამ რეალურად ამ პროგრამის მერე მივხვდი რას ნიშნავს რეალური ტრანსფორმაცია, ჩამოიშორო ყველაფერი რაც იყო და დაიბადო თავისუფალ ადამიანად, მძიმე და დამთრგუნველი მეხსიერების გარეშე, პროგრამის გარეშე, რომ მე იმავე გზის გავლა მომიწევს, ისევ დაწვა და ისევ ახლიდან დაბადება, რომ ეს ჩემი კანონზომიერი გზაა, რომ მე მუდამ აღმადაღმა სიარულში ვიქნები. წარსული ისევ არის ისეთი, როგორიც არის, მაგრამ აღარ არის შავთეთრი. ეს არის რეალური განსხვავება.
შემიძლია არ დავამთავრო, იმდენი ვწერო. მაგრამ მოკლედ ვიტყვი რომ რასაც მე მივაღწიე ეს არის:
საკუთარი თავის მიღება, სიყვარული.
საკუთარი ისტორიის მიღება და სიყვარული.
დანაშაულის გრძნობის მოცილება.
განვითარებაში უდიდესი ნაბიჯები, წინა წლების წონის ერთად.
სიხარულის განცდა "ბექგრაუნდის" გარეშე.
სიყვარული საკუთარი რწმუნებულებების გარეშე. სხვა ადამიანის სიყვარული შვილის, მეგობრის, ქმრის თუ მშობლის ისეთების, როგორებიც არიან.
მათი ქმედების მიღება ისეთის, როგორიც მათი მაქსიმუმია იმ კონკრეტულ მდგომარეობაში.
ვაჟა ფშაველას გველისმჭამელივით დამემართა, სამყაროს ენა მესმის, ადამიანების ენა მესმის. ეს არის უდიდესი ბედნიერება. მე აღარ ვლაპარაკობ მათ მაგივრად, მე აღარ ვფიქრობ მათ მაგივრად, მე მათ ვისმენ და საკუთარი გონების ზუზუნი არ მიხშობს ხმებს.
ეს არის სიხარული. მართლა.
რა ბედნიერება ყოფილა სხვისი დანახვა საკუთარი ჩრდილის გარეშე.
სიცხადე, როდესაც ადამიანი ამბობს საწყენს, ის საკუთარ თავს უსადაგებს ამ ტრავმულ თქმას და მე საერთოდ არ მიკავშირდება.
სიმშვიდე, აღარ ვეძებ მოწყენაში თავშესაფარს.
ენერგია, აზროვნება, მკაფიო ხედვა აქ და ახლა მდგომარეობის.
ზუსტი პასუხების პოვნა, დასმულ კითხვებზე, რადგან აღარ მიშლიან ხელს დაჯერებული მაჯლაჯუნა ფიქრები.
საკუთარ თავთან დაბრუნება, ოჯახთან, შვილებთან.
თინი, მართლა შემიძლია, დილამდე ვწერო.
პ.ს. რეკომენდაციას რაც შეეხება, თავად მეკითხებიან სად "დავწყნარდი" ასეო, რომ მოვიდნენ 😀 იმედია, ისინიც იპოვიან გზას შენამდე.
ჩემთვის ეს არის ყველაფერზე სუფთა ინდიკატორი, ვფიქრობ, შენთვისაც ასე იქნება <3"