შიგნიდან ჩვენ ყველა ვიცნობთ საკუთარ თავს. ჩვენ ყველამ ვიცით რამდენად ძლიერი, ნათელი და რამდენად მდიდრები ვართ. მაგრამ, გამოგვდის კი ყოველთვის საკუთარ თავთან კავშირის დამყარება და მასთან თანხმობაში ცხოვრება?
გვახსოვს კი ყოველთვის სინამდვილეში ვინ ვართ?
ჩვენში რამდენი ფიქრი, რამდენი იდენტობა ცხოვრობს და რამდენ რამესთან ვაიგივებთ საკუთარ თავს და მის მიღმა ის ძვირფასი მარგალიტი სადღაც იკარგება. ეს ყველაზე მეტად ჩვენ გვტკივა, რადგან ჩვენ სინამდვილეში ყველამ ვიცით ვინ ვართ.
ჩვენ მართლა სხვები კი არ გვაბრაზებენ ან გულს გვტკენენ ან იმედს გვიცრუებენ, ჩვენ ხომ სინამდვილეში ძალიან კარგად ვხვდებით, თუ საკუთარ თავთან გულწრფელები ვიქნებით, რომ ეს მხოლოდ საკუთარი თავია და როგორ მალე შეგვიძლია ეს შევწყვიტოთ და ამაში რომ მხოლოდ საკუთარი თავი გვჭირდება რა მაგარია და რამხელა ძალაა ეს ჩვენში…
ინდიელებს აქვთ ძალიან კარგი სიტყვები: ”ჩვენში ცხოვრობს თეთრი და შავი მგელი, გაიმარჯვებს ის, რომელსაც გამოვკვებავთ.”
ჩვენ რას ვკვებავთ ჩვენში? იმას ვინც სინამდვილეში ვართ თუ იმას, ვისაც ვთამაშობთ და გვგონია, რომ ვართ?
და რა იქნება თუ ჩვენში არსებულ თეთრ მგელს გამოვკვებავთ?
დაწყება და ჩაკეტილი წრიდან გამოსვლა ყოველთვის რთულია, რამხელა შინაგანი ბრძოლა გვაქვს ამ დროს, მაგრამ საკმარისია ერთი, ძალიან პატარა ნაბიჯიც კი გადავდგათ, რომ პროცესი იწყება და ჩვენში საოცარი ძალა იღვიძებს და მიგვიძღვება ამ გზაზე – საკუთარ თავად ყოფნის გზაზე და პროცესზე…
მახსენდება ჩემი ერთი ისტორია, რომელმაც ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემში.
ვარ საზღვარგარეთ, მთაში, ტრენინგზე (სად და რომელ ტრენინგზე, კონფიდენციალურობის დაცვით არ მაქვს ამის თქმის უფლება).
ღამეა და ვხსედვართ საღამოს სესიაზე. უცბად ტრენინგის წამყვანი გვეუბნება, რომ ფეხზე გავიხადოთ და მას წავყვეთ. მივყვებით მას, გავდივართ გარეთ და ვხედავთ კვამლს, ცეცხლს და მოხუც მამაკაცს, რომელიც გველოდება. მას ჩვენთვის მოემზადებინა ნაკვერჩხალი, რომელზეც ფეხშველა უნდა გაგვევლო… საოცარმა შიშმა შემიპყრო… ვერაფრით ვერ წარმოვიდგინე როგორ უნდა გამევლო ნაკვერჩხალზე შიშველი ფეხით… ძალიან შემეშინდა და სხვა მონაწილეებს დავუთმე გზა, ყველამ გაიარა ნაკვერჩხალზე, ვხედავდი, რომ მათ ეს მოახერხეს, მაგრამ ვერაფრით ვერ ვბედავდი. შემდეგ გადავწყვიტე, რომ მე ეს აუცილებლად უნდა გამებედა, მივედი იმ მოხუც მამაკაცთან და ვუთხარი, რომ ის ინსტრუქციები ჩემთვისაც ეთქვა და რომ მეც გავაკეთებდი ამას.
ფეხი დავადგი. მყისვე გაქრა ყოველგვარი შიში, პანიკა და საოცრად დიდი, უზარმაზარი ენერგია და თავისუფლება ვიგრძენი ჩემში და დავიწყე ნაკვერჩხლებზე სიარული, სირბილი, ხტუნვა, სიმღერა, ცეკვა… ჩვენი ტრენერი გაოცებული მიყურებდა, რამ გაიღვიძა ჩემში… მაგრამ მე ვეღარ ვჩერდებოდი, ეს იყო საოცარი განცდა, რომ რისიც მეშინოდა ის არაფერი ყოფილა და ამ შიშზე, ამ განცდებზე ზედ ვხუტანობდი და ეს ყველაფერი ძალიან აზარტული იყო. ყველაზემეტად მე მეშნოდა დაბოლოს მგონი ყველამეტი მე ვიარე და ვიხტუნავე 😆😆😆 ეს დღე და შეგრძნება არასდროს დამავიწყდება…
როდესაც რაღაცას ვერ ვბედავ ან რამის მეშინია, შიგნიდან ყოველთვის ვიცი, რომ მე ის ვარ, რომელმაც ამ შიშებზე იხტუნავა და საკუთარ თავზე მეღიმება ხოლმე და მეღიმება ხოლმე იმაზეც, რომ ადამიანები რას აღარ ვუყვებით საკუთარ თავს და ვარწმუნებთ, იმის მიღმა კი ძალიან კარგად ვიცით ვინ ვართ და რა შეგვიძლია. ჰო, ასეთი საყვარლები ვართ. ☺️
როდესაც ჩვენი ნამდვილი “მე”-ს კვებას, ინდიელების ენაზე “თეთრი მგლის” კვებას ვიწყებთ, ის იზრდება, იხსნება ჩვენში და იმარჯვებს, შედეგად კი ჩვენ საოცარი ჰარმონიის, სიმშვიდის, თავისუფლების განცდა გვეუფლება და საკუთარ თავთან სრულ თანხმობაში ვიწყებთ და ვაგრძელებთ ცხოვრებას. ერთადერთი რაც ამაში ხელს გვიშლის ჩვენი ფიქრები და მცდარი წარმოდგენებია, რომელთა ილუზიის გარღვევა საბედნიეროდ ჩვენს ძალებშია და საკმარისია ამისთვის ერთი პატარა ნაბიჯიც კი გადავდგათ, ის ჩამოიშლება და ქრება, ჩვენში კი უდიდესი ენერგია და ძალა იღვიძებს 😍😍😍 მე “თეთერი მგლის” გამოკვებას ვირჩევ.
მჯერა თქვენი და საკუთარი თავის. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა და ყველაფერს შევძლებთ. ჩვენში ხომ ძალიან დიდი სხივი და სინათლეა ☀️☀️☀️ როგორ შეიძლება ეს ჩაიხშოს და არ გამონათდეს მთელი თავისი ფერთა გამით და სიკაშკაშით?! ✨🌟✨☀️✨🌟✨☀️✨