– არ ვაპატიებ – თქვა მან – მემახსოვრება.
– აპატიე, – სთხოვა მისმა მფარველმა ანგელოზმა – აპატიე და უფრო მსუბუქად იგრძნობ თავს.
– არაფრის გულისთვის! – ჯიუტად მოკუმა პირი – ამის პატიება არ შეიძლება არასდროს!
– სამაგიეროს გადაუხდი? – ჰკითხა შეშფოთებულმა ანგელოზმა.
– არა, სამაგიეროს არ გადავუხდი. ამაზე მაღლა დავდგები.
– სასტიკად დასჯა გწყურია?
– არ ვიცი რა სახის სასჯელი იქნებოდა საკმარისი.
– ყველა იხდის თავისი მიღებული გადაწყვეტილების საფასურს. ადრე თუ გვიან, მაგრამ ყველა… – ჩუმად თქვა ანგელოზმა. – ეს გარდაუვალია.
– კი, ვიცი.
– მაშინ, აპატიე! გათავისუფლდი ამ ტვირთისგან. შენ ხომ შორს ხარ ეხლა იმ ადამიანებისგან, ვინც გაწყენინა.
– არა. არ შემიძლია. და არც მინდა. არ ვაპატიებ მათ, არ იმსახურებენ ისინი ამას.
– კარგი, შენი საქმის შენ იცი. – ამოიოხრა ანგელოზმა. – სად აპირებ ამ წყენის შენახვას?
– აქ და აქ – ხელით მიუთითა გულზე და თავზე.
– გთხოვ, ფრთხილად იყავი – სთხოვა ანგელოზმა – წყენა იგივე შამია და ეს ძალიან საშიშია. ის შეიძლება ქვად გადაიქცეს და მძიმედ დაგაწვეს, ან შეილება იქცეს რისხვის ალად, რომელიც ყველაფერს ცოცხალს წვავს.
– ეს არის მეხსიერების ქვა და საჭირო მრისხანება – გააწყვეტინა მან – ისინი ჩემს მხარეს არიან.
და წყენაც მოთავსდა იქ, სადაც მან თქვა – თავში და გულში.
ის იყო ახალგაზრდა, ჯანმრთელი და თავისი ცხოვრების მოწყობის პროცესში. იყო ძალიან ენერგიული, სიცოცხლით სავსე, მის ძარღვებში მდუღარე სისხლი ჩქეფდა და მიდი ფილტვები ხარბად შეისუნთქავდა თავისუფალ ჰაერს. ის გათხოვდა, გააჩინა შვილები, გაიჩინა მეგობრები. ზოგჯერ, რა თქმა უნდა მათზეც ბრაზდებოდა, მაგრამ ძირითადად პატიობდა ხოლმე. ზოგჯერ თავადაც რისხდებოდა, ჩხუბობდა და მასაც პატიობდნენ ამას. ყველაფერი იყო მის ცხოვრებაში და თავისი ძველი წყენების გახსენებას არ ცდილობდა.
გავიდა მრავალი წელი მას შემდეგ, რაც კვლავ მოისმინა მისთვის საძულველი სიტყვა – „პატიება“
– ქმარმა მიღალატა. შვილებთან მუდმივად უთანხმოება მაქვს. ფულს არ ვუყვარვარ. რა გავაკეთო? – ჰკითხა მან გამოცდილ ფსიქოლოგს.
– ფსიქოლოგმა ყურადღებით მოუსმინა, ბევრი რამ დააზუსტა კიდეც. რატომღაც სულ სთხოვდა მას, რომ თავის ბავშვობაზე მოეყოლა. ისიც ბრაზდებოდა ამაზე და მუდმივად ცდილობდა, რომ საუბარი შეეცვალა, ყურადღება გადმოეტანა აწმყოზე, მაგრამ ფსიქოლოგი გამუდმებით აბრუნებდა ბავშვობის წლებში. მას ეჩვენებოდა, რომ ეს ფსიქოლოგი დაძვრებოდა მისი მეხსიერების კუთხე-კუნჭულებში, ცდილობდა, რომ კარგად დაეთვალიერებინა ის და დღის შუქზე გამოეტანა თავისი ბავშვობის ძველი წყენები. თავად კი ეს არ სურდა, ამიტომაც ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ ეს ფსიქოლოგი მაინც არ ეშვებოდა…
– თქვენ გასუფთავება, გათავისუფლება გესაჭიროებათ – შეაჯამა მან. – თქვენს მიერ დაგროვნილი წყენები გაიზარდა, მათ ზემოდან დაემატა ბოლოდროინდელი, უფრო გვიანდელი წყენები – ეს გავს მარჯნის რიფზე გაზრდილ და ამოსულ პოლიპებს. ეს რიფი კი სასიცოცხლო ენერგიების ნაკადს აბრკოლებს და მის მოძრაობას უშლის ხელს. სწორედ ამის გამო, თქვენ პრობლემები გაქვთ პირად ცხოვრებაში და ფინანსური კუთხეც არ ლაგდება. ამ რიფს ძალიან ბასრი კიდეები აქვს, ის თქვენს ფაქიზ სულს ჭრილობებს აყენებს. რიფის შიგნით დასახლდნენ და ერთმანეთში აირივნენ სხვადასხვა ემოციები, ისინი თავიანთი სასიცოცხლო ფუნქციების ნარჩენებით წამლავენ თქვენს სისხლს და ამით უფრო და უფრო მეტ უსიამოვნებას ქმნიან თქვენს ცხოვრებაში.
– დიახ, მეც ვგრძნობ, რომ სწორედ ასეთი რამ ხდება ჩემში – დაეთანხმა ქალი – დრო და დრო უფრო ნერვიული ვხდები, ზოგჯერ დეპრესიული გაწყობაც მეუფლება, ხანდახან კი უბრალოდ ყველას მოკლვაც კი მინდება. კარგი, საჭიროა გასუფთავება. და როგორ?
– აპატიეთ იმ ყველაზე პირველ და მნიშვნელოვან წყენას – ურჩია ფსიქოლოგმა. – არ იქნება ფუნდამენტი – რიფიც დაიშლება.
– არაფრის დიდებით! – გაბრაზდა ქალი. – ეს სამართლიანი წყენაა! მე უფლება მაქვს, რომ მწყინდეს და განვრისხდე!
– თქვენ გსურთ იყოთ მართალი, თუ ბედნიერი? – ჰკითხა ფსიქოლოგმა. მაგრამ ქალმა არ უპასუხა, ის უბრალოდ ადგა და წავიდა, თან კი თავისი მარჯნის რიფი გაიყოლა.
გავიდა კიდევ რამდენიმე წელიწადი. ქალი კვლავ მიღებაზე იყო, მაგრამ ამჯერად უკვე ექიმთან. ექიმი ათვალიერებდა რენდგენის სურათებს, ფურცლავდა ანალიზების პასუხებს და თან ტუჩებს იკვნეტდა.
– ექიმო, რატომ დუმხართ? – თავი ვერ შეიკავა ქალმა.
– ნათესავები გყავთ? – ჰკითხა ექიმმა.
– მშობლები გარდაიცვალნენ, მეუღლეს გავშორდი. შვილები მყავს, აგრეთვე შვილიშილებიც. და რატომ მეკითხებით ამას?
– ხედავთ, აი აქ, სიმსივნე გაქვთ. – და ექიმმა რენდგენის სურათზე აჩვენა თავის ქალა, სადაც მას ჰქონდა სიმსივნე. – ანალიზების მიხედვით, სიმსივნე ავთვისებიანია. ამაზე მიუთითებს თქვენი მუდმივი თავის ტკივილები, უძილობა და ადვილად დაღლა. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ სიმსივნეს აქვს სწრაფი ზრდის ტენდენცია. ის ფართოვდება და ეს ცუდია.
– და ოპერაცია უნდა გავიკეთო ეხლა? – საშინელი წინათგრძნობით ცივოფლდასხმულმა ჰკითხა ექიმს.
– არა, უპასუხა ექიმმა და უფრო მეტად მოიღუშა. – აი თქვენი კარდიოგრამა. თქვენ ძალიან სუსტი გული გაქვთ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს ის ყოველი მხრიდან შეკუმშულია და სრულფასოვნად მუშაობის საშუალება არ ეძლევა. მან შეიძლება ვერ გადაიტანოს ოპერაცია. ამიტომ თავდაპირველად საჭიროა გულზე ვიმკურნალოთ, აი შემდეგ კი…
ექიმმა არ დაასრულა წინადადება, ქალი კი მიხვდა, რომ ეს „შემდეგ“ შეიძლებოდა არც დამდგარიყო… ან გული ვერ გაუძლებს, ან სიმსივნე გაანადგურებს.
– სხვათა შორის, სისხლის ანალიზიც არ არის სახარბიელო. ჰემოგლობინი დაბალია, ლეიკოციტები მაღალი… – მე გამოგიწერთ წამლებს, – თქვა ექიმმა – მაგრამ თქვენც უნდა დაეხმაროთ საკუთარ თავს. ორგანიზმი განსაკუთრებულად უნდა მოიწესრიგოთ და ამავე დროს, მორალურად მოემზადოთ ოპერაციისთვის.
– და როგორ?
– სასიამოვნო, დადებითი ემოციები, თბილი ურთიერთობები, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა. ბოლოს და ბოლოს შეიყვარეთ ვინმე. დაათვალიერეთ თქვენი ალბომები, გაიხსენეთ ბედნიერი ბავშვობა.
ქალმა მწარედ ჩაიცინა…
– ეცადეთ ყველას აპატიოთ, განსაკუთრებით კი მშობლებს – უეცრად ურჩია ექიმმა. ეს ძალიან ეხმარება სულს და მას სიმსუბუქეს უბრუნებს. ჩემს პრაქტიკაში იყო შემთხვევები, როდესაც პატიებამ სასაწაულები მოახდინა!
– ნუთუ მართლა? – ირონიულად ჰკითხა ქალმა.
– წარმოიდგინეთ, მედიცინაში ბევრი დამხმარე ინსტრუმენტია – ხარისხიანი მოვლა, მაგალითად…ზრუნვა. პატიებაც შეიძლება გახდეს წამალი, თანაც უფასოა და მას რეცეპტის გამოწერაც არ სჭირდება.
პატიება. ან სიკვდილი. ვაპატიო თუ მოვკვდე? მოვკვდე, მაგრამ არ ვაპატიო? როდესაც სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევნის წინაშე დგები, უნდა მიიღო გადაწყვეტილება რომელ მხარეს დარჩები.
ქალს სტკიოდა თავი. აწუხებდა გული. „სად შეინახავ შენს წყენას? – „აქ და აქ“ და ეხლა აქ სტკიოდა ზუსტად. ეტყობა წყენა ძალიან გაიზარდა და კიდევ უფრო მეტი მოუნდა. მოუნდა, რომ განედევნა თავისი პატრონი და მთელს სხეულს მოსდებოდა. სულელი წყენა კი ვერ ხვდებოდა, რომ სხეული ამას ვერ გაუძლებდა და მოკვდებოდა.
ქალმა გაიხსენა თავისი მთავარი წყენის მომყენებლები თავისი ბავშვობიდან. დედა და მამა, რომლებიც გამუდმებით, სულ მუშაობდნენ ან ჩხუბობდნენ. მათ ის არ უყვარდათ ისე, როგორც გოგონას სურდა ეს. ვერ დაეხმარა ვერაფერი – ვერც ხუთიანები და ვერც სიგელები, ვერც მშობლების მოთხოვნების შესრულება, მორჩილება, ვერც პროტესტი და ვერც ბუნტი. შემდეგ ისინი გაშორდნენ და თითოეულმა თავისი ახალი ოჯახი შექმნა, სადაც მან თავისი ადგილი ვერ იპოვა. როდესაც 16 წლის გახდა ის გაგზავნეს ტექნიკუმში, სხვა ქალაქში, უყიდეს ბილეთი, ჩაულაგეს ჩემოდნები, მისცეს 3000 რუბლი თავიდან და ამ მომენტიდან მან დაიწყო დამოუკიდებლად ცხოვრება და მიიღო გადაწყვეტილება – „არ ვაპატიებ!“ ის ამ წყენას მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ატარებდა. მან დაიფიცა, რომ ეს წყენაც მასთან ერთად მოკვდებოდა, და როგორც ჩანს, შეიძლებოდა ესეც მომხდარიყო და ახდენილიყო.
მაგრამ მას ყავდა შვილები, შვილიშვილები და სამსახურიდან ქვრივი სერგეი ეტეფანოვიჩი, რომელიც მთელი გულით ცდილობდა, რომ მასზე ეზრუნა და ქალს სიკვდილი არ სურდა. მაგრამ რეალობა ასეთი იყო – ადრე უხდებოდა სიკვდილი… „უნდა ვაპატიო, – გადაწყვიტა მან. – ვცდი მაინც“.
– მშობლებო, მე თქვენ ყველაფერს გპატიობთ – მერყევად და გაუბედავად წარმოთქვა მან. ეს სიტყვები საწყლად და დაურწმუნებლად ჟღერდა. მაშინ მან აიღო ფანქარი, ფურცელი და დაწერა – „პატივცემულო მშობლებო! ძვირფასო მშობლებო! აღარ ვბრაზდები თქვენზე! მე თქვენ ყველაფერს გპატიობთ!“
პირში სიმწარე იგრძნო, გული შეეკუმშა, თავი კი კიდევ უფრო მეტად ასტკივდა. მაგრამ მან კიდევ უფრო ძლიერდ დააჭირა ფანქარს, ჯიუტად კიდევ ბევრჯერ და ბევრჯერ დაწერა „მე თქვენ გპატიობთ“, „მე თქვენ გპატიობთ“. არანაირი სიმსუბუქის შეგრძნება. მხოლოდ შფოთვა იზრდებოდა.
– ასე არა, – ჩაუჩურჩულა ანგელოზმა. – მდინარე ყოველთვის ერთ მხარეს მიედინება. ისინი შენზე უფროსები არიან, შენ მათზე უმცროსი. ჯერ ისინი იყვნენ, შემდეგ შენ. შენ კი არ დაბადე ისინი, მათ დაგბადეს შენ. მათ მოგცეს შესაძლებლობა, რომ მოსულიყავი ამ სამყაროში. იყავი მადლიერი!
– მე მადლიერი ვარ, – წარმოთქვა ქალმა. – და მე მართლა ძალიან მინდა მათ ვაპატიო…
– ბავშვებს არ აქვთ უფლება განსაჯონ თავიანთი მშობლები. მშობლებს არ პატიობენ. მათგან პატიებას ითხოვენ.
– რისთვის? – ჰკითხა მას. – ნუთუ მე გავუკეთე მათ ცუდი?
– შენ შენს თავს გაუკეთე ცუდი. რატომ დაიტოვე ეს წყენა? რის გამო გტკივა თავი? რის ქვას ატარებ გულში? შენ გინდა იყო მართალი, თუ ჯანმრთელი?
– ნუთუ ეს ყველაფერი მშობლების მიმართ დაგროვილმა წყენამ გამოიწვია? ეს ის არის, რამაც მე ასე დამანგრია?
– მე შენ გაფრთხილებდი, – შეახსენა ანგელოზმა. – მფარველი ანგელოზები ყოველთვის აფრთხილებენ: ნუ დაიგროვებთ, ნუ ატარებთ წყენას. ისინი ალპობენ, კლავენ, შხამავენ იგრვლივ ყველანაირ ცოცხალს. ჩვენ გაფრთხილებთ! თუ ადამიანი წყენის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს, ჩვენ არ გვაქვს უფლება ხელი შევუშალოთ. ხოლო, თუ პატიების სასარგებლოდ – ჩვენ ვალდებულები ვართ დავეხმაროთ.
– და, კიდევ შემიძლია, რომ დავშალო ეს მარჯნის რიფი? თუ უკვე გვიანია?
– არასდროს არის გვიანი, რომ სცადო. – ნაზად უთხრა ანგელოზმა.
– მაგრამ ისინი ხომ უკვე დიდიხანია, რაც გარდაიცვალნენ. ეხლა ვისგან უნდა ვითხოვო პატიება, რა უნდა გავაკეთო?
– შენ ითხოვე პატიება, ისინი მოისმენენ ამას. შეიძება ვერც მოისმინონ. ბოლოს და ბოლოს, შენ ამას აკეთებ არა მათთვის, არამედ პირველ რიგში შენთვის.
– ძვირფასო მშობლებო, – დაიწყო მან, – მაპატიეთ, გთხოვთ, თუ რაიმე ისე… და საერთოდა ყველაფრის გამო მაპატიეთ.
ის რაღაც დროის განმავლობაში ამბობდა ამას, შემდეგ გაჩუმდა და საკუთარ თავს მოუსმინა. არანაირი სასწაული – გული კვლავ ეკუმშება, თავი სტკივა, და რაიმე განსაკუთრებული გრძნობებიც არ აქვს.
– მე თავადაც არ მჯერა საკუთარი თავის. – აღიარა მან. – რამდენი წელი გავიდა…
– სცადე სხვანაირად – ურჩია ანგელოზმა. – გახდი კვლავ ბავშვი.
– როგორ?
– დაიჩოქე მუხლებზე და მიმართე მათ, როგორც ბავშვობაში: დედა, მამა.
ქალი ცოტახნით შეჩერდა, შემდეგ მუხლებზე დაიჩოქა. თითები შეატყუპა, აიხედა ზემოთ და წარმოთქვა :“დედა, მამა“ შემდეგ კვლავ „დედა, მამა…“. თვალები ფართოდ გაახილა და ცრემლებით აევსო. „დედა, მამა…ეს მე ვარ, თქვენი შვილი…მაპატიეთ…მაპატიეთ!“ მკერდი ააცახცახა მოსალონდელმა მოთქმამ, შემდეგ კი ცრემლის ნიაღვარი გადმოსკდა მისი თვალებიდან. ის კი იმეორებდა და იმეორებდა: „მაპატიეთ. გთხოვთ მაპატიეთ. მე არ მქონდა უფლება განმესაჯეთ. დედა, მამა…“
ცრემლების შეშრობას არც ისე ცოტა დრო დასჭირდა. შემდეგ, დაქანცული, გამოწურული იჯდა იატაკზე, დივანს მიყრდნობილი.
– როგორ ხარ? – ჰკითა ანგელოზმა.
– არ ვიცი. ვერ ვხვდები. ვგრძნობ, რომ ცარიელი ვარ. – უპასუხა მან.
– გაიმეორე ეს ყოველღიურად, 40 დღის განმავლობაში. – უთხრა ანგელოზმა. – როგორც მკურნალობის კურსი. როგორც ქიმიოთერაპია. ან თუ გინდა, ქიმიოთერაპიის მაგივრადაც კი.
– კი. კი. 40 დღე. მე ამას გავაკეთებ.
გულში რაღაცამ იფეთქა, პულმა მოიმატა, ცხელი ტალღის ნაკადები ამოძრავდა. შეიძლება ეს იყო სწორედ იმ რიფის ნარჩენები. და პირველად, ძალიან დიდი ხნის შემდეგ იგრძნო, რომ საერთოდ არ სტკიოდა თავი.
კოლინ ტიპინგი – წიგნის და მეთოდის „რადიკალური პატიება”-ს ავტორი.
თარგმნილია თინათინ ბასილაიას მიერ.
P.S. ტექსტის დაკოპირების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითეთ წყარო.