ალბათ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ერთი ან რამდენიმე ისეთი ადამიანი, რომელიც მისთვის სამაგალითოა და მისი პიროვნების, ფასეულობების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა. ზოგისთვის ეს ლიტერატურული პერსონაჟია, ზოგისთვის საზოგადო მოღვაწე, ზოგისთვისაც კი, უბრალოდ, – ოჯახის წევრი. ჩემს შემთხვევაში ერთ-ერთი ასეთი პიროვნება არის ბაბუ – მიშა პოლშინი.
მე ძალიან მადლიერი ვარ ბაბუსი, რადგან მან თავისი ცხოვრებით ძალიან ბევრი რამ მასწავლა და დიდი მაგალითი მომცა, იმისა, თუ როგორ ვიცხოვრო… მინდა ეს თქვენც გაგიზიაროთ… ბაბუმ პირველ რიგში ძალიან, ძალიან დიდი და უპირობო სიყვარული მომცა. ის იყო ძალიან თბილი, კეთილი, მზრუნველი, გამორჩეული ბაბუ და არამარტო ბაბუ, არამედ ზოგადად პიროვნება… ის გამორჩეულად უყვარდათ არამარტო თავის შვილიშვილებს, არამედ სხვა ბაბუების შვილიშვილებსაც… ბაბუ ყოველთვის დადიოდა ჯიბეში კოწახურის და მენთოლის საწუწნი კანფეტებით და ვინც შეხვდებოდა, ყველა ბავშვს ურიგებდა და ახარებდა… :))

ბაბუმ თავისი ცხოვრებით ძალიან დიდი მაგალითი მომცა და მაჩვენა, თუ როგორ შეიძლება იცხოვრო ძალიან, ძალიან დიდი სიყვარულით სავსე გარემოცვაში – თუ როგორ შეიძლება გულწრფელად, მთელი გულით გიყვარდეს აბსოლიტურად თითოეული ადამიანი – ახლობელი, ნაცნობი, უცნობი… და პატივი სცე თითოეულ მათგანს. ბაბუ იყო პიროვნება, რომელსაც აბსოლიტურად ყველა ადამიანი მთელი გულით უყვარდა – მე არ ვიცი როგორ შეეძლო ეს და როგორ ახერხებდა ამას… ძალიან ძნელია ეს… მისგან იმხელა სიკეთე, სითბო და სიყვარული მოდიოდა, რომ ალბათ ერთეულებს თუ შეუძლიათ ასე უყვარდეთ ადამიანები და მათში მხოლოდ კარგი, საუკეთესო, კეთილი დაინახონ და შემდეგ ეს სიყვარულით გამოხატონ…

ბაბუს მაგალითით ჩემი ერთ-ერთი დიდი ოცნება და სურვილი გახდა ის, რომ მეც ვიცხოვრო უპირობო სიყვარულით სავსე სივრცეში – მიყვარდეს ჩემს ირგვლივ ყველა ადამიანი და მათგანაც იმავეს ვგრძნობდე. სიყვარულში ცხოვრება – განცდა, რომ გიყვარს და გრძნობ, რომ სხვებსაც უყვარხარ – ეს ზოგადად ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილებაა და აბსოლიტურად ყველაფერი ამ მნიშვნელოვან მოთხოვნილებამდე დადის – ვაცნობიერებთ ამას თუ არა…
ჩემი ხედვით სწორედ ასე ცხოვრობდა ბაბუ და მიხარია რომ მისი გაგრძელება ვარ და ბაბუმ თავისი ცხოვრებით, მაგალითით შეძლო, რომ ამ სიყვარულის მარცვალი ჩემშიც დაეთესა. ამ თემაზე კიდევ უფრო სხვანაირად, განსაკუთრებით მაშინ დავფიქრდი, როდესაც ბაბუ 3 წლის წინ ამ ქვეყნიდან წავიდა. მე ბაბუს მიმართ და ზოგადად ადამიანის მიმართ ამხელა სიყვარული, სითბო და გულწრფელი გულისტკივილი პირველად ვნახე და მივხვდი, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი არის ამხელა, ამ ძალიან დიდი სიყვარულის ადამიანებისთვის გაზიარება და დატოვება, დანარჩენი ყველაფერი აბსოლიტურად მეორეხარისხოვანია… განსაკუთრებით გავოცდი, როდესაც ბაბუს პანაშვიდზე გულწრფელად დამწუხრებული მოვიდა იმ სამარშუტო-ავტობუსის მძღოლიც, რომლითაც ბაბუ სამსახურში დადიოდა ხოლმე… საინტერესოა როგორ მოახერხა ბაბუმ სამარშუტო-ავტობუსის მძღოლთანაც კი ესეთი სიყვარულით სავსე ურთიერთობის ჩამოყალიბება?!… :))

ბაბუს მაგალითით გავაცნობიერე და თქვენც მინდა გაგიზიაროთ ეს გაცნობიერება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი ცხოვრებით, საკუთარი ფასეულობებით მაგალითი მისცე შენს შვილებს, შენს შვილიშვილებს, სხვების შვილებს, სხვების შვილიშვილებს და ზოგადად ადამიანებს, რადგან ადრე თუ გვიან ეს გაცემული სიყვარული და ამ სიყვარულით დათესილი მარცვალი სხვა ადამიანებში და ზოგადად მომავალ თაობაში აუცილებლად გამოვლინდება და თავის საქმეს გააკეთებს…

დღევანდელ ჩვენს ქვეყანას და არამხოლოდ ქვეყანას, მთელს სამყაროს ძალიან სჭირდება უპირობო სიყვარული, სითბო, ზრუნვა და პოზიტივი, ჩვენ კი ჩვენი სიყვარულით, ჩვენი ცხოვრებით შეგვიძლია მაგალითი მივცეთ სხვა ადამიანებს…
“სიბნელე ვერ დაიძლევა სიბნელით, მხოლოდ სინათლეს ძალუძს მისი დაძლევა. სიძულვილი ვერ დაიძლევა სიძულვილით– ეს მხოლოდ სიყვარულს შეუძლია.” – მარტინ ლუთერ კინგი.

დღეს, 15 მარტს ბაბუს დაბადების დღეა… მე განგებ არ ვწერ წარსულში, რადგან ბაბუ ჩემში მუდმივად ცოცხლობს. ალბათ მან არ იცის, თუ რამხელა გავლენა მოახდინა ჩემზე და როგორ შთამაგონა თავისი ცხოვრებით, თავისი პიროვნებით… ეხლა ის ამას ვერ კითხულობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ სადაც არის, იქ ამას გრძნობს და უხარია!
სიყვარულით სავსე დღეს და ზოგადად სიყვარულით სავსე ცხოვრებას გისურვებთ! <3
სიყვარულით, თინი <3